კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელი, სანდრო საათაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო!
- 26 მარტი, 2018
კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და სკოლის მათემატიკის წრის ხელმძღვანელი, სანდრო საათაშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სრული დაფინანსებით მიიღო. აღსანიშნავია, რომ MIT- ის სწავლის წლიური გადასახადი 70 000 დოლარამდე აღწევს. კომაროვის სკოლიდან მეოთხე მოსწავლე გაემგზავრება მასაჩუსეტსის ინსტიტუტში, გიორგი ცხადაძე, დიმიტრი ცხოვრებაძე და ელენე მაჩაიძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან. სანდრო საათაშვილი 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. სანდრომ SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1410; SAT –ის მათემატიკის ტესტში 800-იდან 800 და ფიზიკაში 800-იდან 800 მიიღო.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2016-2017 წლის QS World University Rankings - ის მიხედვით კი, MIT პირველ ადგილს იკავებს.
სანდრო კომაროვის წარჩინებული მოსწავლეიყო. ამჟამად კომაროვის სკოლაში წრის მასწავლებელია, სადაც მოსწავლეებს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს. სანდროს მოპოვებული აქვს მრავალი წარმატება სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO); ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 3 პირველი, 1 მეორე და 1 მესამე ადგილის მფლობელია მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე; 1 პირველი ადგილის მფლობელია ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე.
კომაროვის სკოლა ულოცავს სანდროს ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას უსურვებს!